ლიკა ღლონტი - მიმდინარე წელს ავტორიზაცია 29 უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა გაიაროს და არ არის გამორიცხული, ამან ზოგიერთის დახურვა გამოიწვიოს
ლიკა ღლონტი - მიმდინარე წელს ავტორიზაცია 29 უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა გაიაროს და არ არის გამორიცხული, ამან ზოგიერთის დახურვა გამოიწვიოს

ნორმალური უმაღლესი სასწავლებლები ავტორიზაციის მიღებას პრობლემების გარეშე შეძლებენ, მაგრამ ვიღაცებს, ალბათ, ცუდი შედეგები დაემუქრებათ, – განაცხადა Erasmus+“-ის ეროვნული ოფისის კოორდინატორმა და ავტორიზაციიის საბჭოს წევრმა, ლიკა ღლონტმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ახალი წესების შესაბამისად, მიმდინარე წელს ავტორიზაცია უნდა გაიაროს 29 უმაღლესმა სასწავლებელმა და არ არის გამორიცხული, ამან ზოგიერთის დახურვა გამოიწვიოს“, – განაცხადა ღლონტმა.

ავტორიზაციის საბჭოს წევრის თქმით, უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის წესში ძველი სტანდარტების გაფართოება, ჩაშლა და სიღრმეში ჩასვლა მოხდა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რაოდენობრივი ცვლილება, არამედ პროცესების შეცვლა მოხდა. ადრე პროცედურა საბუთების შემოწმება იყო. უნივერსიტეტში ერთი-ორი საწყალი ადამიანი, ძირითადად, ხარისხის სამსახურის წარმომადგენლები წერდნენ ყველა ანგარიშს, პროგრამას, მერე ექსპერტებს აბარებდნენ და გადაწყვეტილების მიღება ქაღალდების შემოწმების ხარჯზე ხდებოდა. ახლა პროცედურა სრულ ჩართულობას ითხოვს“, – განაცხადა ლიკა ღლონტმა.