ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი - უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალება და დავეხმაროთ უკრაინას, თითოეული ნაბიჯი და ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია [ვიდეო]
მსოფლიო აჩვენებს უპრეცედენტო ერთიანობას იმ ომის ფონზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში გააჩაღა, – აცხადებს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი მონიკა გარბაჩიაუსკაიტე-ბუდრიენე.
„ეს არის ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ, კაცობრიობის წინააღმდეგ, ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ. უკრაინა და უკრაინელები ფრონტის ხაზზე არიან, რადგან ისინი იცავდნენ საკუთარი არჩევანის თავისუფლებას. ახლა ისინი იცავენ ამ თავისუფლებას ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული საშუალება და რესურსი და დავეხმაროთ უკრაინას, რომ გაუძლოს და დაიცვას ყველაზე დაუცველი ადამიანები – ქალები, ბავშვები, მოხუცები, რომლებიც ან თავშესაფრებში აღმოჩნდნენ გამომწყვდეული, ან გაქცევა მოუწიათ. თითოეული ნაბიჯი და ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია. ამ ბრძოლის შედეგი ჩამოაყალიბებს სამყაროს, რომელშიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა ვიცხოვროთ“, – აცხადებს მონიკა გარბაჩიაუსკაიტე-ბუდრიენე საქველმოქმედო მარათონთან დაკავშირებით – „ჩვენ უკრაინისთვის“, რომელსაც საქართველოში პირველი არხი 22:00 საათზე მართავს.
საქართველოს პირველი არხი, წითელ ჯვართან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ გამართავს. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლების სოლიდარობის აქცია მთელ ევროპაში, მარათონმა სტარტი ვარშავაში აიღო, დღეს თბილისსა და პრაღაში, შემდეგ ტალინსა და ბუქარესტში, ასევე მთელი ევროპის ყველა დედაქალაქში საქველმოქმედო მარათონები გაიმართება, მიზანი კი ერთია – უკრაინელი ხალხის დახმარება.