ლიეტუვის საპარლამენტო კომისია, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გიტანას ნაუსედას ბრალდებას უყენებს
ლიეტუვის საპარლამენტო კომისია პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას ბრალდებას უყენებს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, საპარლამენტო კომისიამ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმატორზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია, თითქოს 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა, დარიუს იაუნიშკისმა, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის მონაცემებიდან გიტანას ნაუსედას გარემოცვისა და შტაბის წევრების, ასევე მის სპონსორებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეაგროვა და ეს პირადად ნაუსედას თხოვნით თუ მისგან წამოსული განკარგულების საფუძველზე მოხდა.
აქვე აღნიშნულია, რომ კომისიამ ვერ შეძლო მონაცემების მიღება ან ინფორმაციის შემოწმება იმის თაობაზე, შეაგროვა თუ არა არჩევნებამდე სხვა კანდიდატებისა და მათი გარემოცვის შესახებაც ინფორმაცია იაუნიშკისმა ან დეპარტამენტმა.
კომისიის მონაცემებით, ნაუსედას გარემოცვაში გამოვლინდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ზოგიერთი მათგანის დანიშვნას ნაუსედა თავის მრჩევლებად გეგმავდა.
გიტანას ნაუსედამ უარი თქვა კომისიის გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე, რითიც, პარლამენტარების დასკვნით, მან ფიცი დაარღვია.
თავად პრეზიდენტი უარყოფს ფაქტს, რომ ვინმეს თავისი გარემოცვის შესახებ არჩევნების წინ ინფორმაციის მოგროვება სთხოვა.
„მე ვერავის მივცემდი დავალებას, რადგან რიგითი მოქალაქე ვიყავი, უმუშევარი გიტანას ნაუსედა, რომელმაც პრეზიდენტობისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვიტა. შეეცადეთ სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ქუჩიდან მისვლას და ასეთი დავალების მიცემას. პასუხი ძალიან მკაფიო იქნება“, – განაცხადა ნაუსედამ.
მისი თქმით, კომისიის მრავალი დასკვნა იწვევს მასში „ძალიან, ძალიან სერიოზულ ეჭვებს“ და მიაჩნია, რომ მიზანი „დისკრედიტაციაა“. ასევე, როდესაც კომისიამ მას კითხვების სია წარუდგინა, კომისიაც და მისი თავმჯდომარეც აცხადებდნენ, რომ დასკვნები უკვე იწერებოდა.
ლიეტუვის სეიმში კი არ გამორიცხავენ ნაუსედას იმპიჩმენტს. სეიმის ვიცე-სპიკერის, პაულიუს საუდარგასის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ფიცი, როდესაც უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.
„როგორც ჩანს, არსებობს ასეთი შესაძლებლობა. დაარღვია თუ არა ფიცი, ამას სეიმი ვერ უპასუხებს, ამის გაკეთება საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია“, – განაცხადა საუდარგასმა და აღნიშნა, რომ დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ კომისიის დასკვნები, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმატორის ისტორია შეისწავლა.