ლიეტუვის საელჩო - დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით
საქართველოში ლიეტუვის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება სატელეფონო მიყურადების ახლახან გამოვლრნილ ფაქტებთან დაკავშირებით.
„საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და საგარეო საქმეთა მინისტრს, მის აღმატებულება ბ-ნ დავით ზალკალიანს.
შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.