ლიეტუვის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ მაუწყებლობა აუკრძალა
ლიეტუვის მედიის მარეგულირებელმა უწყებამ რუსულ ტელეკომპანია „რაშა თუდეის“ (RT) მაუწყებლობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ამის მიზეზად ლიეტუვამ ევროკავშირის შავ სიაში მყოფ დიმიტრი კისილევთან კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეკომპანიის კავშირი დაასახელა.
ანალოგიური მიზეზით, ორი კვირის წინ „რაშა თუდეის“ შვიდ არხს მაუწყებლობა ლატვიაში აეკრძალა.
„რაშა თუდეის“ აკონტროლებს კისილევი, რომელსაც ევროკავშირის მიერ სანქციები აქვს დაწესებული 2014 წლის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდამჭერ პროპაგანდაში მისი არსებითი როლისთვის“, – ნათქვამია ლიეტუვის სამაუწყებლო მედიის მარეგულირებელი ორგანოს განცხადებაში.
აკრძალვა ვრცელდება „რაშა თუდეის“ ხუთ არხზე.
ლიეტუვის მედიის მარეგულირებელ უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ტელეარხები ავრცელებენ კრემლისთვის ხელსაყრელ კონტენტს. უწყების თქმით, აკრძალვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე დაწესდა.
ლიეტუვაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი უარყოფს ინფორმაციას, რომ კისილევი „რაშა თუდეის“ აკონტროლებს.
დიმიტრი კისილევი ოფიციალურად რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რასია სევოდნიას“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.