ლიეტუვის ელჩი - მიმდინარეობს აზრთა გაცვლა, როგორ შეგვიძლია, ვიმუშაოთ უკრაინისთვის და როგორ შეუძლია ლიეტუვას, იმუშაოს საქართველოს მხარდასაჭერად ბრიუსელსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ლიეტუვის ელჩი - მიმდინარეობს აზრთა გაცვლა, როგორ შეგვიძლია, ვიმუშაოთ უკრაინისთვის და როგორ შეუძლია ლიეტუვას, იმუშაოს საქართველოს მხარდასაჭერად ბრიუსელსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

მიმდინარეობს აზრთა გაცვლა, როგორ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ერთად უკრაინისთვის და როგორ შეუძლია ლიეტუვას, იმუშაოს საქართველოს მხარდასაჭერად ბრიუსელსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, -​განაცხადა საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ, ​რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით – „ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივები არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე“.

ლიეტუვის ელჩმა უპასუხა შეკითხვას, რა სახის პერსპექტივას ხედავს საქართველოს ბიზნესისთვის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რადგან დამოკიდებულები ვართ რუსეთისა და უკრაინის ბაზარზე.

„საქმე არ ეხება მხოლოდ პერსპექტივას. საქმე ეხება საჭიროებას. ჩვენ არ გვსურს, დავაფინანსოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ, თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოებისა და ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ, ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოსაფხიზლებელი სიგნალი, რათა შეწყვიტონ იმპორტი რუსეთიდან და შეწყვიტონ რუსეთის რეჟიმის დაფინანსება, ასევე ბელარუსის რეჟიმი. მინდა, შეგახსენოთ, ბელარუსი ასევე უთმობს საკუთარ ტერიტორიას რუსულ ჯარს, რომელიც აგრესიას ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ აუცილებელია დივერსიფიკაცია, რებრენდინგი და ახლებურად გააზრება საერთაშორისო ვაჭრობის ტენდენციებისა და რაც უფრო მალე დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესი“, – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა.

ამასთან, კალინდრამ საკუთარი ქვეყნის მაგალითი მოიყვანა იმაზე საუბრისას, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ და ბიზნესმა.

„მე შემიძლია, მოგიყვანოთ მაგალითად ლიეტუვის მთავრობის მაგალითი. როდესაც აღმოსავლეთიდან მოდის ნებისმიერი სახის ინვესტიცია, მაშინ საქმეში ერთვება სპეციალური სააგენტო, რომელიც განიხილავს და ინვესტიციების სკრინინგს ატარებს. მხოლოდ ეს სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებელია თუ არა ამ ინვესტიციის განხორციელება. ჩვენ არ გვაქვს რუსული ან ბელარუსული ინვესტიცია სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში; იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაცია და საბანკო სისტემა. ეს არის ერთი მხარე. მეორე მხრივ, ჩვენი მთავრობა ეუბნება ბიზნესს, რომ რუსეთისა და ბელარუსის ბაზრები არ არის უსაფრთხო. ცხადია, ბიზნესმა თავად უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა, მაგრამ მთავრობის პოზიცია მკაფიოა“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა შეუერთდება ევროკავშირის სანქციებს, ლიეტუვის ელჩმა აღნიშნა: „ახლა ძალიან არასტაბილური დროა. არსებობს ბევრი თავისებურება, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიც. ლიეტუვა ისურვებდა, რომ ყველა ქვეყანა, სადაც დემოკრატია, თავისუფლებაა, შეუერთდება საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს, ამ სანქციებთან მიერთებით. ეს არ არის იოლი გადასაწყვეტი. ამასთან, ეს ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებია. ჩვენი მთავრობა შეურთდა ამ სანქციებს და მათ გამკაცრებასაც კი ითხოვს“, – განაცხადა ელჩმა.

კალინდრამ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად შეაფასა საქართველოს მთავრობის უარი სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით: „ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილებას ქვეყანა თავად იღებს. არსებობს განსხვავებული არგუმენტები სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ლიდერებთან. გუშინაც და დღესაც მქონდა შეხვედრები პარლამენტში. ჩვენ ვართ ამ კონსულტაციების პირობებში. იმედი გვაქვს, ყოვლისმომცველი და მდგრადი გადაწყვეტილებები იქნება მოძიებული. მიმდინარეობს აზრთა გაცვლა, თუ როგორ შეგვიძლია, ვიმუშაოთ ერთად უკრაინისთვის და როგორ შეუძლია ლიეტუვას, იმუშაოს საქართველოს მხარდასაჭერად ბრიუსელსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა ანდრიუს კალინდრამ.