ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ანგარიში - „იანდექს ტაქსის“ აპლიკაცია შესაძლოა, სახიფათო იყოს
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ აპლიკაციის გამოყენება შესაძლოა, სახიფათო იყოს. როგორც უწყებაში ამბობენ, სრულიად შესაძლებელია, აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებელთა პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება და შეგროვება ხდებოდეს.
ამის გამო ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, თავი შეიკავონ აღნიშნული აპლიკაციის ტელეფონში ჩაწერისგან. განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო მოხელეებსა და ძალოვან უწყებებში მომუშავე პირებს.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრის სპეციალისტების განმარტებით, მობილურ ტელეფონში ჩაწერისას „იანდექს ტაქსის“ აპლიკაცია კონფიდენციალურ ინფორმაციასთან წვდომას ითხოვს. ამასთან ერთად, პროგრამა ცდილობს, შეაღწიოს ტელეფონის კამერაში და ჰქონდეს წვდომა მიკროფონთან. აპლიკაციის საშუალებით შეგროვებული ინფორმაცია რუსეთში განთავსებულ სერვერებზე ხვდება.
ამასთან, პირადი მონაცემების გამოყენების პირობებში ნათქვამია, რომ კომპანიას უფლება აქვს ეს მონაცემები მესამე პირს და მათ შორის სახელმწიფო ორგანოებს, მარეგულირებლებსა და სასამართლოს გადასცეს.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრში განმარტავენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის პირადი მონაცემების უსაფრთხოებას.
„იანდექს ტაქსის“ საქმიანობით დაინტერესება თავდაცვის უწყებას ლიეტუვის სეიმის წევრმა, ადრუნის აჟუბალისმა და ვილნიუსის მერმა, რემიგიუს შიმაშიუსმა მიმართეს. თავად რუსულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის კანონმდებლობით მოქმედებენ და ყველა ბრალდებას უარყოფენ.