ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ „იანდექს ტაქსის“ მომსახურებით
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ „იანდექს ტაქსის“ მომსახურებით

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ „იანდექს ტაქსის“ მომსახურებით.

პრემიერი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.

„საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და თუ რომელიმე პროგრამა ჩვენს პირად ან სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა თქვან“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, რუსული კომპანია „იანდექს ტაქსის“ აპლიკაციის გამოყენება შესაძლოა, სახიფათო იყოს. როგორც უწყებაში ამბობენ, სრულიად შესაძლებელია, აპლიკაციის გამოყენებით მომხმარებელთა პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვება და შეგროვება ხდებოდეს.

ამის გამო, ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს, თავი შეიკავონ აღნიშნული აპლიკაციის ტელეფონში ჩაწერისგან. განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო მოხელეებსა და ძალოვან უწყებებში მომუშავე პირებს.