ქალაქ ტობრუკში მდებარე ლიბიის პარლამენტში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და შენობის ნაწილს ცეცხლი წაუკიდეს. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე დაწვეს საბურავები. საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის, ფასების მატებისა და ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარების გამო მიმდინარეობს.
დედაქალაქ ტრიპოლიში კი, სადაც ხელისუფლებაში მოწინააღმდეგე ადმინისტრაცია იმყოფება, დემონსტრანტები არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მათ მოთხოვნას უერთდება გარდამავალი ერთიანობის მთავრობის მეთაური აბდულ ჰამიდ დბეიბაჰი, რომლის თქმითაც, ქვეყნის ინსტიტუციებს ცვლილებები სჭირდება.
ლიბიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟენევაში გაერო-ს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებზე პროგრესს ვერ მიაღწიეს.
ლიბია 2011 წლის გადატრიალებისა და მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ პოლიტიკურ ქაოსშია. ქვეყნიდან ათასობით მიგრანტის გადინება ხდება, ძირითადად კი ევროპაში.