ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაური მოსკოვში ჩავიდა
ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაური მოსკოვში ჩავიდა

ლიბიის ნაციონალური არმიის მეთაური, გენერალი ხალიფა ჰაფთარი მოსკოვში ჩავიდა, სადაც შესაძლოა, მასსა და გერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ფაიეზ ალ-სარაჯს შორის მოლაპარაკებები შედგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

ალ-სარაჯს რუსეთის დედაქალაქში დღეს ელოდებიან.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ლიბიაში 12 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდნენ.

2011 წელს, ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ ლიბიაში ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან.

ქვეყნის დასავლეთს, სადაც დედაქალაქი ტრიპოლი მდებარეობს, საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა მართავს.

აღმოსავლეთ ნაწილს ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი აკონტროლებს, რომელსაც ტრიპოლის დაკავება სურს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაფთარის დასახმარებლად ლიბიაში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები იმყოფებიან.

გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად კი თურქეთმა ლიბიაში სამხედროები გაგზავნა.