ლიბერტადორესის თასის ორივე ნახევარფინალში არგენტინულ-ბრაზილიური დაპირისპირება შედგება (ვიდეო)
სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე, კოპა ლიბერტადორესზე, მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალის ბოლო საგზური არგეტინულმა “ბოკა ხუნიორსმა” მოიპოვა, რომელმაც ორი მატჩის ჯაში 3:1 მოუგო ბრაზილიის „კრუზეიროს“.
ბოკას პირველი შეხვედრა შინ 2:0 ჰქონდა მოგებული. განმეორებით მატჩში, რომელიც ქალაქ ბელუ ორიზონტეში გაიმართა, „კრუზეირო“ 58-ე წუთზე დაწინაურდა. 81-ეზე, მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ მოედანზე, როცა მეორე ყვითელი ბარათის გამო, მსაჯმა დედე გააძევა მოედნიდან. არგენტინელებმა ამით 94-ე წუთზე ისარგებლეს, როცა კრისტიან პავონმა გაათანაბრა ანგარიში.
მანამდე, ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა მეორე არგენტინულმა გრანდმა „რივერ პლეიტმა“. ამავე ეტაპზეა ორი ბრაზილიური გუნდი – „გრემიო“ და „პალმეირასი“.
შედეგად, ნახევარფინალურ ეტაპზე ორი არგენტინულ-ბრაზილიური დაპირისპირება შედგება:
რივერ პლეიტი – გრემიო
ბოკა ხუნიორსი – პალმეირასი
პირველი მატჩები 23 ოქტომბერს გაიმართება, განმეორებითი – 30 ოქტომბერს.