ლიბერტადორესის თასის ფინალში „ფლუმინენსე“ „ბოკა ხუნიორსს“ დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირის, კოპა ლიბერტადორესის 2023 წლის გათამაშების ფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ბრაზილიის „ფლუმინენსე“ არგენტინის „ბოკა ხუნიორსს“ დაუპირისპირდება.

ნახევარფინალში „ფლუმინენსემ“ ასევე ბრაზილიის წარმომადგენელს, „ინტერნასიონალს“ ორი მატჩის ჯამში 4:3 სძლია. „ფლუმინენსემ“ მეორე შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო წუთებზე მოიპოვა. მე-80 წუთამდე გუნდი 0:1 მარცხდებოდა, 83-ეზე ანგარიში ჯონ კენედიმ გაათანაბრა, ხოლო კანომ 87-ე წუთზე „ფლუმინენსეს“ ფინალის საგზური მოუტანა.

დრამატულად განვითარდა მოვლენები „ბოკა ხუნიორსისა“ და „პალმეირასის“ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში. პირველი მატჩი „ბოკას“ სტადიონზე 0:0 დასრულდა. მეორე თამაშში არგენტინელები ედინსონ კავანიმ დააწინაურა, ხოაკინ პიკეიროსმა 73-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ გუნდები პენალტების სერიამდე მივიდნენ, რომელშიც უფრო ზუსტები „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელები აღმოჩნდნენ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ „ბოკა ხუნიორსმა“ პლეი ოფის სამივე ეტაპი პენალტების სერიით გაიარა. გუნდის მეკარემ, სერხიო რომერომ თითოეულ სერიაში ორი თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო.

კოპა ლიბერტადორესის ფინალი 5 ნოემბერს ბრაზილიაში, „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართება. „ბოკა ხუნიორსს“ აქვს შანსი, კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი მეშვიდედ მოიგოს და ამ მაჩვენებლით რეკორდის მფლობელ „ინდეპენდიენტეს“ გაუთანაბრდეს, ხოლო „ფლუმინენსეს“ შეუძლია, ლიბერტადორესის თასი პირველად მოიპოვოს.