სამხრეთ ამერიკაში გამოვლინდა რანგით პირველი საკლუბო ტურნირის – კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული. ორი მატჩის ჯამში, ბრაზილიურმა “გრემიომ” არგენტინული “ლანუსი” 3:1 დაამარცხა.
პირველი შეხვედრა პორტუ-ალეგრეში “გრემიოს” 1:0 ჰქონდა მოგებული. ცოტა ხნის წინ, დასრულდა განმეორებითი მატჩი არგენტინული კლუბის მოედანზე. “გრემიოს” პირველი ტაიმის შემდეგ, ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა – ფერნანდინიოსა (27-ე წუთი) და ლუანის (42-ე) გოლების შემდეგ, ანგარიში 2:0 იყო სტუმრების სასარგებლოდ. მეორე ნახევარში “ლანუსმა” მხოლოდ ერთი საპასუხო გოლი (სანდი – პენალტით) გაიტანა და წააგო საშინაო მატჩი 1:2, ხოლო ორი მატჩის ჯამში 1:3 დამარცხდა.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუანი აღიარეს, რომელმაც ჯამში რვა გოლი გაიტანა.
“გრემიომ” თავის ისტორიაში მესამედ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი. წინა ტრიუმფი 1995 წლით თარიღდებოდა.