ლიბანური მედიის ცნობით, ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანში დღეს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის ავიაიერიშებს ლიბანში დღეს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე „ჰეზბოლას“ რაკეტების გამშვები ადგილები და იარაღის საწყობებია.
ავიაიერიშების პარალელურად, მზარდია ლიბანში ისრაელის სახმელეთო ოპერაციის ჩატარების ალბათობა.
ისრაელის მედია ქვეყნის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ნებისმიერი სახმელეთო ოპერაცია შეძლებისდაგვარად მოკლევადიანი იქნება. ქალაქ საფედში ვიზიტის დროს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერად ურტყამს „ჰეზბოლას“ და ასე გააგრძელებს, ვიდრე ჩრდილოეთში უსაფრთხოება არ დაბრუნდება.
პარალელურად, საუდის არაბეთმა დღეს გამოაცხადა საერთაშორისო კოალიციის შექმნის შესახებ, რომელიც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტისთვის იმუშავებს. კოალიციის წევრები არიან არაბული და მუსლიმური ქვეყნები, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან ითანამშრომლებენ.