ლიბანში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთში იმყოფება, საიდანაც გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
ლიბანში მიიჩნევენ, რომ მათი ყოფილი პრემიერ-მინისტრი საად ალ-ჰარირი საუდის არაბეთში იმყოფება, საიდანაც მან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
ლიბანის სამთავრობო წრეებზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ ჰარირიმ მთავრობის მეთაურის პოსტის დატოვების მითითება საუდის არაბეთისგან მიიღო, რის შემდეგაც ის შინაპატიმრობაში ჰყავთ.
გამოცემის ცნობით, არაერთი წყარო ადასტურებს, რომ საუდის არაბეთი ჰარირის ქმედებებს მკაცრად აკონტროლებს.
ჰარირის სატელევიზიო განცხადება გადადგომის შესახებ ყველასთვის მოულოდნელი იყო. მან ირანი და „ჰეზბოლა“ არაბულ სახელმწიფოებში არეულობის დათესვაში დაადანაშაულა და ასევე ახსენა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ჰარირის მამაც, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აფეთქების შედეგად 2005 წელს მოკლეს.
საუდის არაბეთი უარყოფს ცნობებს ჰარირის შინაპატიმრობის შესახებ. თუმცა ამ ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებია თავად ლიბანის ყოფილი პრემიერი.
ავტორი: თეი კანაშვილი