ეკონომიკური კრიზისითა და ინფლაციით უკმაყოფილო დემონსტრანტებმა ლიბანში კომერციულ ბანკებს ცეცხლი წაუკიდეს.
ძალადობრივი საპროტესტო აქციები ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში დაიწყო და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გავრცელდა. აქციის მონაწილეებმა ბანკის შენობები, ბანკომატები და არმიის სამხედრო ავტომობილები დაწვეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არეულობის დროს ერთი დემონსტრანტი დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი, პოლიციამ დააკავა.
მმართველი ელიტის წინააღმდეგ ლიბანში საპროტესტო აქციები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. დემონსტრანტები უმუშევრობას აპროტესტებდნენ და ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვდნენ. ლიბანური ფუნტი 50 პროცენტით არის გაუფასურებული, რაც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციას იწვევს.