ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - ლიბანი სოციალური აფეთქების ზღვარზე დგას
ლიბანი სოციალური აფეთქების ზღვარზე დგას, – ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰასან დიაბიმ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ქვეყანას დახმარებას თუ არ აღმოუჩენს, ლიბანში სოციალური აფეთქება მოხდება. დიაბის განცხადებით, დროებით ხელისუფლებას არ შეუძლია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების წარმოება, ეკონომიკის აღდგენის გეგმის შესასრულებლად. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება ვალდებულებებს მომავალ მთავრობას აკისრებს და ახალი მთავრობის ფორმირების შემთხვევაში, ეკონომიკის აღდგენის გეგმა შესაძლოა, უარყოფილ იქნას.
ლიბანში პოლიტიკური კრიზისი 2019 წელს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი საად ალ ჰარირი და პრეზიდენტი მიშელ აუნი მთავრობის ფორმირებაზე ვერ შეთანხმდნენ. პოლიტიკურ კრიზისს თან დაერთო მოსახლეობის გამოსვლები და ქვეყნის ეკონომიკის განადგურება. ლიბანის ვალუტა 90 პროცენტით გაუფასურდა. ინფლაციის ზრდის გამო, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სიღარიბეში ცხოვრობს. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, დეფიციტშია საწვავი და საკვები პროდუქტებიც.
მსოფლიო ბანკმა ლიბანის კრიზისს თანამედროვეობის ყველაზე საშინელი ეკონომიკური დეპრესია უწოდა.