ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების შედეგად დაიღუპა ოცი და დაშავდა 450 ადამიანი
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა ოცი და დაშავდა 450 ადამიანი.
როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ბეირუთსა და ლიბანის სამხრეთ ნაწილში აფეთქდა გადამცემები, რომლებსაც ლიბანური შიიტური მოძრაობის „ჰეზბოლას“ წევრები იყენებენ.
მედიასაშუალება წერს, რომ გადამცემები „ჰეზბოლამ“ ხუთი თვის წინ, დაახლოებით იმავე პერიოდში შეიძინა, როდესაც იყიდა პეიჯერები.
მანამდე ლიბანში პეიჯერების კოორდინირებული აფეთქებების შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა, 3 000-მდე კი დაშავდა.
„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა დღეს სიტყვით გამოვა. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში ევროპელ კოლეგებს ახლო აღმოსავლეთში გაღრმავებული კრიზისის შესახებ სასაუბროდ შეხვდება. შეხვედრის მთავარი საკითხი იქნება, რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამავდროულად, ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქების სერიასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე გაერო-ს უშიშროების საბჭო შეიკრიბება.