ლიბანში მცხოვრები მილიონ-ნახევარი სირიელი ლტოლვილიდან 3 500 სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ამის შესახებ ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლა ბოტროსმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, ლტოლვილების ნაწილმა სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
გარდა ამისა, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაერო-ს ლტოლვილთა საბჭო დევნილების სირიაში დაბრუნების პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა.
„სირიის გარკვეულ ნაწილში დღეს მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობაა, შესაბამისად, ლტოლვილების ნაწილს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება სურს. თუმცა გაერო-ს ლტოლვილთა საბჭო ცდილობს, ისინი დაარწმუნოს, რომ ლიბანში დარჩენა მათთვის გაცილებით უსაფრთხოა“, – განაცხადა ბოტროსმა.
ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის თანახმად, ნებისმიერ ლტოლვილს უფლება აქვს, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებაზე უარი თქვას და იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩეს, სადაც თავშესაფარი მიიღო. ლიბანში დღეს მილიონ-ნახევარი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.