ლიბანი რუსულ კომპანიებს გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე ტენდერში მონაწილეობას სთავაზობს
ლიბანის მთავრობამ გაზისა და ნავთობის მოპოვებაზე გამოცხადებულ ტენდერში რუსულ კომპანიებს მონაწილეობის მიღება შესთავაზა. ბეირუთში ოფიციალური ვიზიტით ჩასული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და მისი ლიბანელი კოლეგის, გებრან ბასილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ტენდერში რუსული კომპანიების ჩართულობა იყო.
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული კომპანიების ბაზარზე გამოჩენა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის შესაძლოა, ეკონომიკური სტაბილურობის მომტანი იყოს.
მხარეებმა ასევე ლტოლვილთა კრიზისი განიხილეს. სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიბანს სირიელი ლტოლვილების მიღება დიდ ტვირთად დააწვა. მისივე თქმით, რუსეთი დაინტერესებულია სირიაში ვითარების დარეგულირებით, რაც ლიბანში მცხოვრები სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას ხელს შეუწყობს.
რუსეთი სირიის კონფლიქტში 2015 წლის სექტემბერში ჩაერთო. ინტერვენცია სირიაში დიქტატორ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის განმტკიცებას ემსახურებოდა. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, რუსეთის ავიაციის იერიშის სამიზნედ მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები იქცა, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.