ლია გიგაური - ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გადმოსაყვანად ყველა შესაძლო არხი ამოქმედებულია
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებები და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება გრძელდება.
„საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით კვლავ გრძელდება მოლაპარაკებები და საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. ყველა შესაძლო არხის ბერკეტის გამოყენება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება და კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ამ ეტაპზე, გუშინდელისგან განსხვავებით, ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, ველოდებით დღის ბოლოსთვის, რომ რაიმე ცვლილება გვექნება“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე-ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.