ლია გიგაური - სკოლებიდან მანდატურის სერვისის მოთხოვნა ყოველდღიურად შემოდის და ეტაპობრივად ვაკმაყოფილებთ
ლია გიგაური - სკოლებიდან მანდატურის სერვისის მოთხოვნა ყოველდღიურად შემოდის და ეტაპობრივად ვაკმაყოფილებთ

როცა ისეთი დაძაბული ვითარებაა, რომ შესაძლოა, მოსწავლის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დადგეს, განცალკევება და შეყოვნება ნამდვილად ხდება, მაგრამ ეს დარეგულირებული არ იყო და კონკრეტული ადამიანები გადაწყვეტილებას იქვე იღებდნენ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამიტომ, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და კანონპროექტში მკაფიოდ გაიწეროს, რა როგორ და რა პირობებში მოხდეს“, – განაცხადა გიგაურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას სკოლებში, რომ კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, ბავშვზე ზრუნვის კომპონენტი შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პრევენციული, საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელება და მოსწავლეების ენერგიის სხვა მიმართულებით წარმართვა.

„დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე დაუშვებელია, სკოლებში მონიტორინგი არ ვაწარმოოთ. მანდატური 500-მდე სკოლაში მუშაობს. სხვა დანარჩენ სკოლებში სასკოლო გარემოს უსაფრთხოებას სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს და სკოლების უმრავლესობიდან მანდატურის სერვისის შეთავაზების მოთხოვნა ყოველდღიურად შემოდის. ანუ ისინი მანდატურების დახმარებას ითხოვენ და მათ მოთხოვნას ეტაპობრივად ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა გიგაურმა. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სკოლა საზოგადოების მიკრო მოდელია და ყველა ის პრობლემა, რაც საზოგადოებაში არსებობს, სასკოლო საზოგადოებაშიც კონცენტრირებულად არის წარმოდგენილი.

„მართვის სისტემა, ზედამხედველობა იქნება ეს, კონტროლი თუ მონიტორინგი, პროცესებს აფერხებს. ვერავინ იტყვის, რომ ბოლო წლების განმავლობაში სკოლის ტერიტორიაზე რამე ფიზიკური დაპირისპირება მომხდარა, მაგრამ ეს საზოგადოების დამშვიდების საფუძველი არ არის. თუ ვითარება შიგნით დაიძაბება, რა მნიშვნელობა აქვს, ძალადობა სკოლის გარეთ მოხდება თუ შიგნით?! ამიტომ მიდგომა სკოლის შიგნით და გარეთ ერთიანი უნდა იყოს. ესაა საზოგადოების პრიორიტეტები, აღზრდა და ის დამოკიდებულებები, რაც ძალადობით ქცევასთან მიმართებით იქნება“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

მანდატურების სამსახურის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.