შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატმა არაქართულენოვანი სკოლებისთვის პოსტერების კონკურსი ჩაატარა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის აპარატმა არაქართულენოვანი სკოლებისთვის პოსტერების კონკურსი ჩაატარა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი პოსტერების კონკურსი თემაზე: „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ ჩაატარა.

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კონკურსის მონაწილეებს ონლაინ რეჟიმში შეხვდა, ქართული ენის დღე მიულოცა და მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ახვლედიანმა ისაუბრა დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და ისტორიულ დატვირთვაზე, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართული ენის უნიკალურობაზე, ქართული დამწერლობის სამი სახეობის ცოცხალ კულტურასა და სახელმწიფო ენის დაცვის მნიშვნელობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქართული ენის ცოდნის აქტუალურობას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში ჩართულობის და ინტეგრაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც, თეა ახვლედიანის განცხადებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია.

კონკურსი „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 30 მარტს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 100-მდე არაქართულენოვანმა საჯარო სკოლამ მიიღო. კონკურსი მიზნად ისახავდა ქართული ენის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებში ქართული ენის შესწავლის მოტივაციის ამაღლებას. მონაწილე სკოლებმა აღნიშნულ თემატიკაზე პოსტერები მოამზადეს, რომელთაგან ხუთი გამარჯვებული საკონკურსო კომისიამ შეარჩია. გამარჯვებულებს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში გრძელდება სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამებისა და კურსების განხორციელება, ამასთან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის პოპულარიზაციას.

„14 აპრილს, ქართული ენის დღეს, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მიუძღვნა კონკურსი „ქართული ენა უკეთესი მომავლითსვის“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს არაქართულენოვანი სკოლების წარმომადგენელი მოსწავლეები. შეირჩა ხუთი გამარჯვებული ნამუშევარი, ამ ნამუშევრებმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა თუ რა კარგად აქვთ გაცნობიერებული ჩვენს მოსწავლეებს, ახალგაზრდებს სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობა მათი მომავლის განსაზღვრისთვის და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. თითოეული მოწოდება ქართული ენის გაფრთხილებას, დაცვასთან, განვითარებასა და პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, არის ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომლებიც სახელმწიფოს სტრატეგიის ფარგლებშია წარმოდგენილი და რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ქართული ენის პოპულარიზაცია, მისი განვითარება და არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სწავლება გახლავთ. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, ფასიანი საჩუქრები და პრიზები. სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოქმედი და ახალი სტრატეგიის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის და ეთნიკური უმცირესობებისათვის მისი სწავლების მიმართულებით. ეს გახლავთ ჩვენი სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი პირველი და ფუნდამენტალური პრიორიტეტი“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

დატოვე კომენტარი