ლია გიგაური - მრავალეთნიკური საზოგადოების ინტეგრაციისთვის მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ამ მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლაც წამყვანი აქტორია
ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ამ მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი მართლაც წამყვანი აქტორი გახლავთ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პირველი არხის პროექტის, „მრავალფეროვანი საქართველოს“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო.
ლია გიგაურის თქმით, „მრავალფეროვანი საქართველოს“ პროექტები ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, ჩართული არიან პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სურთ, როგორც საკუთარი კულტურისა და საქმიანობის წარმოჩენა, ისე სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
„ჩვენი ქვეყნის მრავალეთნიკური საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, ასევე მედიასაშულებების, მათი ცხოვრების სტილის, კულტურის ასახვას და საზოგადოების ფართო ფენებისთვის მიწოდებას. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც წამყვანი აქტორი გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებელი. განსაკუთრებულ მნიშვნელობას მივანიჭებდი „მრავალფეროვანი საქართველოს“ პროექტებს, რადგან სწორედ ეს პროექტებია ორიენტირებული იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ, ჩართული არიან პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ სურთ როგორც საკუთარი კულტურისა და საქმიანობის წარმოჩენა, ასევე სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მიმართულებებზე, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე იმ პროექტებსა და სერვისებზე, რომელსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.
რაც მთავარია, მათ სურთ, საკუთარი ცხოვრება იხილონ ტელეეკრანებიდან და დაინახონ, როგორი შეფასება აქვთ მიმდინარე პროცესებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით შემიძლია გამოვყო ეს პროექტები, რამდენადაც მათ დიდი ზეგავლენა მოახდინეს როგორც მენტალური, ასევე დამოკიდებულებების ცვლილების თვალსაზრისით. რაც მთავარია, წარმოაჩინეს ის ახალგაზრდები, რომლებმაც როგორც სახელმწიფოს ხელშეწყობით, ასევე საკუთარი მოტივაციით და ძალისხმევით შეძლეს, გამხდარიყვნენ წარმატებული მოდელები და სხვებისთვისაც მიეცათ მაგალითი, როგორ უნდა იცხოვრონ და რა შესაძლებლობები აქვთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“ ოთხი წელი შეუსრულდა, რასთან დაკავშირებითაც პირველი არხის მენეჯმენტსა და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.