ლია გიგაური - მედიაწიგნიერება არის პასუხი 21-ე საუკუნის ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევებზე
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის შეფასებით, მედიაწიგნიერების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისა და მოზარდებისთვის, რათა მათ ჰქონდეთ მედიიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და გაფილტვრის უნარი.
„მედიაწიგნიერება არის პასუხი 21 საუკუნის ციფრული ტექნოლოგიების გამოწვევებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ გამოწვევებს პასუხობს. ძალიან დიდი საზოგადოებრივი რეზონანსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის რისკი კარგად შევაფასოთ, რაც მედიაწიგნიერების დაბალ დონეს მოაქვს თითოეული მოქალაქისთვის, საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ძირითადი ფოკუსი მედიის გარდა, ახალგაზრდებსა და მოზარდებზე უნდა გაკეთდეს.
„სწორედ ამიტომ, განათლების სამინისტრომ ახალ სტრატეგიაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა მედიაწიგნიერების მიმართულება და თუ მანამდე ჩვენ მედიაწიგნიერება, როგორც გამჭოლი კომპეტენცია ისე გვქონდა შეტანილი ეროვნულ სასწავლო გეგმაში, დღეს უკვე ფოკუსირებული ვართ თემებზე, როგორც მოქალაქეობაში, ასევე სამოქალაქო განათლების სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა მედიაწიგნიერების სტრატეგიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი შეფასებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დღეს წარდგენილი პრეზენტაცია ფართოდ წარმოაჩენს პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს.
„ამ მხრივაც მედიის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთია – როგორ განვავითარებთ მოსწავლეების ცოდნას, უნარებს ამ მიმართულებებით და მეორეა – თვითონ მედია როგორ მუშაობს მაღალი მედიაწიგნიერების პირობებში“-, აცხადებს გიგაური.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს მარტინა ჩეპმენთან ერთად, მედია მენეჯერებს, არასამთავრობო სექტორისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს პროექტ „მედია წიგნიერების“ სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო.