ლია გიგაური - განათლების სამინისტრო ბაგა-ბაღების მიმართ მიდგომას არ შეცვლის
მოსახლეობის ნაწილისთვის ბაგა-ბაღების გადასახადის შესაძლო ამოქმედების ინიციატივას განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ეხმაურება. მისი თქმით, ინიციტაივის განხორციელების შემთხვევაში, განათლების სამინისტრო მიდგომას არ შეცვლის და მის პასუხისმგებლობაში არსებულ კომპონენტს ყველა საჯარო და კერძო ბაღს კვლავ თანაბრად მიაწვდის.
“შეკითხვა უფრო მეტად ალბათ მუნიციპალიტეტებს ეკუთვნით. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება საბავშვო ბაღი იქნება საჯარო თუ კერძო. ჩვენ თანაბრად მივაწვდით, როგორც მხარდამჭერ სერვისებს, ეს იქნება სტანდარტებთან დაკავშირებული რეკომენდაციები და კონსულტაციები, ასევე ის რესურსები, რომელიც მომზადდება თითოეული ასაკობრივი ჯგუფისათვის”- აღნიშნავს გიგაური.
შეგახსენებთ, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების მიმართულებით გარკვეული კორექტირების შეტანა აუცილებელია.
პრემიერის თქმით, ოჯახებმა, რომელთაც საშუალება აქვთ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჯერ არის მხოლოდ იდეა, რომელიც დამუშავებას საჭიროებს.