ლია გიგაური - გამოვრიცხავთ ფაქტს, რომ ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამორიცხავს ფაქტს, რომ ნიქოზის საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით იქნა გათავისუფლებული,- ამის შესახებ პირველ არხს განათლების მინისტრის მოადგილემ განუცხადა.
ლია გიგაურის თქმით, თამაზ მელანაშვილი დირექტორის პოსტიდან სკოლაში არსებული ფინანსური დარღვევებისა და გადაცდომების გამო გათავისუფლდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უწყების შიდა აუდიტის სამსახურმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა და შესაბამისად, რაიმე პოლიტიკური ნიშნით თანამდებობის დატოვების მიზეზს სამინისტრო გამორიცხავს.
“ნიქოზის სკოლასთან დაკავშირებით განთლებისა და მეცნიერების სამინისტროში მარტიდან შემოსულია არა ერთი საჩივარი და განცხადება, რომლის საფუძველზეც, უწყების შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა და ეს მოკვლევა დასრულდა სექტემბერში. შემდეგ მიმდინარეობდა მასალების დამუშავება და აღმოჩნდა, რომ სერიოზულ ფინანსურ დარღვევებთან გვქონდა საქმე, რის საფუძველზე დირექტორი გათავისუფლდა თანამდებობიდან. თუ რა ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი, ეს შეუძლია თავად ნიქოზის საჯარო სკოლამ გამოაქვეყნოს”,- განმარტა განათლების მინისტრის მოადგილემ.
თავად ნიქოზის სკოლის ყოფილი დირექტორი კი მის გათავისუფლების მიზეზს პოლიტიკურ საკითხს უკავშირებს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” მხრიდან მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და ისინი დირექტორისაგან იმ პედაგოგების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ვინც მმართველ პოლიტიკურ ძალას მხარს არ უჭერდა.