განათლების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განცხადებით, გამოძიება დაადგენს, შესაძლებელი იყო თუ არა თბილისში, ხორავას ქუჩაზე გუშინ მომხდარი ფაქტის თავიდან აცილება.
„ეს ტრაგედია შეგვეძლო თავიდან აგვეცილებინა, თუ გვეცოდინებოდა, რა იყო წინარე პირობები. გამოძიება საბოლოოდ დადებს სრულ სურათს და გვექნება შესაძლებლობა, გავითვალისწინოთ ის დეტალები, რაც შეიძლება პრევენციისათვის გამოგვადგეს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
მისივე თქმით, მოსწავლე, რომელიც საავადმყოფოში რჩება, ამ დრომდე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.
„გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის გადალახავს 48-საათიან კრიზისს და გამოჯანმრთელდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბავშვის სიცოცხლე და უსაფრთხოება, შესაბამისად, ასეთი ტრაგედიების თავიდან არიდების ინსტრუმენტი ისევ საგანმანათლებლო პროცესი, პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს. რაც კეთდება, 10-ჯერ მეტი უნდა გაკეთდეს, იგივე საინფორმაციო კამპანია, მოსწავლეების ქცევის მონიტორინგი არა მხოლოდ სკოლის შიგნით, არამედ სკოლის შემდგომ საქმიანობის განმავლობაში.
შესაბამისად, ჩვენ დავგეგმეთ უფრო გაძლიერებული პროგრამები, აქტივობები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად.
ვერ დაგეთანხმებით, რომ მონიტორინგის გაძლიერებაზე აქამდე არ ვსაუბრობდით, მონიტორინგი გამკაცრებული იყო, რადგან სკოლის შიგნით მუდმივად კონტროლდება მოსწავლეთა ქცევა, შესაბამისად, ის ნივთებიც, რომელიც მოსწავლეებს შეაქვთ, ასევე კონტროლდება“, – განაცხადა ლია გიგაურმა.
შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.