ლია გიგაური - ჩვენი თანამშრომლობა აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით გაგრძელდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, რომ აფხაზურ საზოგადოებასთან თანამშრომლობა ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით გაგრძელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების ანალოგებით, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ომით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას.
„გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება გახლავთ მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დამტკიცდა და მხარდაჭერილი იყო, როგორც ადგილობრივი, პოლიტიკური თუ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მიერ. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ომით გაყოფილი საზოგადოებების დაახლოებას და მათი კეთილდღეობისაკენ მიმართული სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა გიგაურმა.
მისივე თქმით, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“არის აპოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანიც გამყოფი ხაზის გასწვრივ სავაჭრო-ეკონომიკური ურთოერთობების გაძლიერებაა.
„ეს პროექტი არის წმინდად აპოლიტიკური და არანაირად არ უკავშირდება დე ფაქტო ინსტიტუციების გაძლიერებს. მისი ერთადერთი მიზანი გახლავთ ის, რომ ხელი შეუწყოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას გამყოფი ხაზის გასწვრივ. ამ მიზნით გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯებიც. შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის მე გამოვყოფდი მშვიდობის ფონდის დაფუძნებას, რომელიც აფინანსებს სხვადასხვა ბიზნეს და კომერციულ პროექტებს საერთაშორისო გრანტების საშუალებით და ხელს უწყობს სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებას გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, რაც რა თქმა უნდა მოსახლეობის კეთილდღეობის შექმნას ემსახურება. მნიშვნელოვანია ის, რომ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენისა და შერიგების მიმართულებით, სწორედ ანალოგიური პროექტებით“, – განაცხადა გიგაურმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია. მისი თქმით, იმის გამო, რომ ახლა ომი არავის სურს, რჩება მხოლოდ დიალოგის შესაძლებლობა.