ლევილის ქართველთა მამულში კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა, რომლებიც მამულის საქართველოსთვის გადმოცემის რვა წლისთავსა და 1924 წლის სახალხო აჯანყების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებებს ესწრებოდნენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ლევილის მერი ერიკ ბრევი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის წევრი თენგიზ შარმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გივი ჭიჭინაძე, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნინო ჭიპაშვილი, ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმის მენეჯერი თეონა მელითაური, მენეჯერის მოადგილე ტიერი ბერიშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, ნკე ჟორდანიას შვილიშვილი ირენ ციციშვილი, აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი თამარ ჩხენკელი, თბილისისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების, ასევე, მეცნიერებათა აკადემიისა და ეროვნული არქივის წარმომადგენლები და მკვლევრები.
ქართული დელეგაციის წევრებმა ფრანგ სტუმრებთან ერთად ლევილის სასაფლაოს მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
როგორც კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებების მიმდინარეობისას გაიხსნა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილია წიგნები ტიერი ბერიშვილის პირადი კოლექციიდან.
„ლევილის შატოს მუზეუმის ფონდი 20 სექტემბერს დაარსდა თბილისში. მისი პირველი ექსპონატი ლეგენდარული მოჭადრაკის – ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეწირული ჭადრაკის ფიგურაა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარში დასრულდება შატოს რეაბილიტაცია. აქ ფუნქციონირებას დაიწყებს მუზეუმი და ბიბლიოთეკა, რომელიც გახდება ევროპაში ქართული ისტორიის მნიშვნელოვანი კერა. აგრეთვე დამზადდა 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა. ლევილის შატოს უკვე განახლებულ სივრცეში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია 1924 წლის აჯანყების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ზურაბ გაიპარაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი ოთარ ჯანელიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ისტორიის დოქტორი პაატა სურგულაძე, საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების წევრი, ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია, ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე და ქართველ ხალხთან მეგობრობის ფრანგულ-ქართული ასოციაციის თავმჯდომარე ტიერი ბერიშვილი“, – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
ლევილის ქართველთა მამულში გამართული ღონისძიებები დასრულდა „ქართული ხმების“ მუსიკალური სპექტაკლით – „წუთისოფელი“, რომელიც თემურ ჭკუასელის, გივი ჭიჭინაძისა და „ქართული ხმების“ გამორჩეული თაობის პროექტია. ეს არის ქართული მრავალხმიანი სიმღერით მოთხრობილი საქართველოს ისტორია.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ლევილის მამულის განახლებულ რეზიდენციაში იმყოფება ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი და დგამს სპექტაკლს, რომლითაც მიმდინარე წელს სრულად განახლებული დმანისის თეატრი გაიხსნება. მათივე ცნობით, ამის შემდეგ ლევილის სარეზიდენციო სივრცე უმასპინძლებს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის, გორის გიორგი ერისთავის სახელობისა და ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრებს.
„2016 წელს საქართველოს მთავრობის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძისა და იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, თეა წულუკიანის ძალისხმევის შედეგად, რასაც წინ უძღოდა 25-წლიანი უშედეგო მოლაპარაკებები, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა. მამულის საქართველოსთვის დაბრუნების შემდეგ აქტიურად დაიწყო ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მამულის რეაბილიტაციის მთავარი მიზანი შენობების ავთენტიკური სახის შენარჩუნებაა. ამჟამად მიმდინარეობს ლევილის მამულის შატოს რეაბილიტაცია, რომლის სახურავი მთლიანად შეიცვალა. დასკვნით ეტაპზეა ფასადისა და დარაბების განახლების პროცესი, სამუშაოები მიმდინარეობს ინტერიერშიც. დასრულდა შატოს ერთი ნაწილის რეაბილიტაცია, მამული სრულად მიმდინარე წლის ბოლომდე განახლდება. შატოს პირველ სართულზე განთავსდება პირველი რესპუბლიკისა და საფრანგეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიის მუზეუმი, მეორე სართულზე კი რვა საცხოვრებელი სივრცე მოეწყობა. მამულში უკვე დასრულდა გუშაგის სახლის რეაბილიტაცია, სახელოვნებო საცხოვრებლების კეთილმოწყობა, აღდგა 4 ჰა ტერიტორიის გალავნის ავთენტიკური სახე, ჩატარდა აზბესტისგან გაწმენდის სამუშაოები, დასრულდა მამულში ქართული ოდის განსათავსებელი ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა, დასუფთავდა ე. წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილი და მალე დაიწყება რეაბილიტაცია.
2026 წლის სექტემბრამდე მამულის ტერიტორიაზე მოეწყობა: ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა, ქართული კუთხე – ქართული ოდა, ვენახი, ქვევრი და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აუცილებელი კომპონენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლევილის შემოქმედებით რეზიდენციას წელს პირველად ესტუმრა სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის ქანდაკების მიმართულების შვიდი სტუდენტი, რომელთა მიერ თავისუფლების თემაზე შექმნილმა შვიდმა ქანდაკებამ, შეთანხმების თანახმად, ლევილის მამულის პარკში სამუდამოდ დაიდო ბინა. მეორე განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებაა ლევილის ქართული ფესტივალი, რომელიც, მეორე წელია, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ფესტივალი წარმოაჩენს ქართულ კულტურას, სპორტს, ხელოვნებას, ტრადიციებს. სიმბოლურია, რომ წელს ფესტივალი 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა მამულში, რომელიც აქ მცხოვრებმა წინაპრებმა შემოგვინახეს, როგორც თავისუფლების სავანე. ფესტივალი ნათელი მაგალითია იმისა, რომ კულტურის სამინისტრო წარმატებით ახორციელებს გეგმას, რომლის მიხედვით ჩვენს ქვეყანას ლევილის სახით ევროპაში ექნება მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი და გაგრძელდება ტრადიცია, რომელსაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მესვეურებმა ჩაუყარეს საფუძველი“, – ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.