ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარს უჭერს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარს უჭერს.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, ბოლო პერიოდში პერიოდში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ არაერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია მანკიერი პრაქტიკის შესახებ, რომელიც თან ახლავს თხევადი გაზის იმპორტისა და მისი შემდგომი რეალიზაციისას აქციზის გადასახადით დაბეგვრის არსებულ მოდელს.
„აქციზის გადასახადით დაბეგვრის მოქმედი რეჟიმის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი კარგავს მილიონობით ლარს, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სექტორში კი, ჩამოყალიბდა არაჯანსაღი და არაკონკურენტული გარემო, რაც ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნესის განვითარებას და იწვევს კეთილსინდისიერი მეწარმეების სრულიად სამართლიან და ობიექტურ დემოტივაციას.
დაბეგვრის ამჟამინდელი მოდელის თანახმად – ხდება თხევადი გაზის, ანუ ჩვეულებრივი ნავთოპროდუქტის იმპორტი ე.წ. უაქციზო კოდის გამოყენებით და შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს „ნულოვან შემოსავალს“; თხევადი გაზის იმპორტისას აქციზის გადასახადით დაბეგვრის დღევანდელი, ორეტაპიანი მოდელის თანახმად პირველ ეტაპზე ერთ ტონა თხევად გაზზე 120 ლარის გადახდევინება ხორციელდება პროდუქტის იმპორტირების პროცესში, ხოლო მეორე ეტაპზე ერთ ტონაზე დამატებით 180 ლარის გადახდა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ თხევადი გაზი შემდგომში გამოიყენება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მისაწოდებლად და არა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. მაშინ როდესაც, ერთი მხრივ, უკანასკნელ წლებში სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, იზრდება თხევად გაზზე მომუშავე ავტომანქანების რიცხვი, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2018 წელს იმპორტირებული თხევადი გაზის მხოლოდ 30.8%-ის განბაჟება მოხდა, როგორც კომერციული გაზი (ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მისაწოდებლად); 2019 წელს კი, ეს მაჩვენებელი უკვე მხოლოდ 23.4%-ს შეადგენს. ერთი და იმავე პროდუქტზე დაბეგვრის ორ ეტაპიანი მოდელი, ბუნებრივია, ყოველთვის აღებს კონკრეტული გადასახადით მანიპულირებისათვის ფართო ფანჯარას.
ამავდროულად, ასევე ობიექტურად უნდა ითქვას, რომ სრულიად გამორიცხულია ასეთი ტიპის დაბეგვრის რეჟიმის არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოების მიერ გადასახადის ადმინისტრირების ეფექტურობის მიღწევა“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
ამასთან, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ უკიდურესად აუცილებელია სხვადასხვა ნავთობპროდუქტზე დადგენილი აქციზის განაკვეთების პროპორცია იყოს სამართლიანი ინდუსტრიაში მოთამაშე ყველა მონაწილისათვის.
ლევან ვეფხვაძის თქმით, არ შეიძლება, წლების განმავლობაში ერთი და იგივე ინდუსტრიის რომელიმე ნაწილი ვითარდებოდეს მეორეს ხარჯზე და, პირიქით.
„ეს ძალიან მანკიერი პრაქტიკაა. მით უმეტეს, რომ ეს პროდუქტები არიან სუბსტიტუტები, ანუ ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტები და კანონმდებლის ამოცანა უნდა იყოს, რომ მის მიერ დადგენილი აქციზის განაკვეთები იძლეოდეს ინდუსტრიის თანაბარზომიერად განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოსა შექმნისა და არსებობის საშუალებას. საწყის ეტაპზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ითხოვდა ერთიანი აქციზის გადასახადის შემოღებას და მის განსაზღვრას 1 ტონაზე 550 ლარის ოდენობით. შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და სხვა პროცესში ჩართულ მხარეებთან პროფესიული კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა აზრი, რომ ერთიანი აქციზის გადასახადი უნდა შეადგენდეს 1 ტონაზე მინიმუმ 450 ლარს. ეს არის ერთადერთი გონივრული გზა, რომელიც საშუალებას იძლევა საქართველოში დაცული იყოს სამართლიანი პროპორცია სხვადასხვა ნავთობპროდუქტეზბე დაწესებულ აქციზის განაკვეთებს შორის“, – აცხადებს ასოციაციის
მისი შეფასებით, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილება საფუძველს ჩაუყრის ბაზარზე კონკურენტული პირობების ჩამოყალიბებას და ყველა მოთამაშისთვის ერთნაირი სასტარტო პირობების შეთავაზებას. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს მისთვის ობიექტურად კუთვნილ თანხებს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მივესალმებით საქართველოს პარლამენტში აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ კანონმდებლები მიიღებენ ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც პირველ რიგში, შეაჩერებს სახელმწიფო ბიუჯეტისადმი ზიანის მიყენების პროცესს, რომლის მასშტაბებიც ყოველთვიურად მატულობს, მეორე მხრივ კი, ბიზნესის განვითარებისთვის შექნის სამართლიან, ჯანსაღ და კონკურენტულ გარემო პირობებს“, – აღნიშნავს ლევან ვეფხვაძე.