ლევან ვეფხვაძე - ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრის პრობლემის შესახებ წინადადებებს შემოსავლების სამსახურს უახლოეს მომავალში წარვუდგენთ
ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა.
ასოციაციის ინფორმაციით, სხდომის მსვლელობის დროს განხილული იყო ე.წ. ღია საწყობის პრინციპით მოქმედი საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტებში სურსათის ბუნებრივ დანაკარგებთან და ხარისხების არევასთან დაკავშირებული პრობლემები. ასევე არსებული პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული წინადადებებაც შემუშავდა, რომელიც შემოსავლების სამსახურს წარედგინება.
„სხდომაზე მიმოვიხილეთ დანაკარგების პრაქტიკაში დღეს არსებული ხარვეზები, მოვახდინეთ პრობლემების დეტალური იდენტიფიცირება და შევჯერდით ერთიან ხედვასა და პოზიციაზე დანაკარგისას გამოვლენილი დანაკლისის აღიარების კუთხით. ჩვენს მიერ მომზადებული წინადადებებს უახლოეს მომავალში მივაწვდით შემოსავლების სამსახურს და ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემის მოგვარების წინაპირობა იქნება“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.