ლევან თევზაძე - ყოველწლიურად წარვადგენ ფინანსურ ანგარიშებს, არ ვაპირებ, მერხზე დამჯდარმა ვუპასუხო იმ საერთაშორისო ექსპერტებს, რომელთა უკან გარკვეული მიზნები და ზრახვებია
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან თევზაძის განცხადებით, საქართველოში „ვეტინგის“ პროცედურის საფუძველი არ არსებობს.
მისივე თქმით, ყოველწლიურად წარადგენს ფინანსურ ანგარიშებს ანტიკორუფციულ ბიუროში და მოწმდება მისი დოკუმენტაცია.
ლევან თევზაძე ამბობს, რომ „ვეტინგის“ სისტემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
„თავის დროზე, როცა გავიარე ეს პროცედურა, რაც მიმდინარეობს დღეს (უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატებთან გასაუბრება), ჩემ მიერ წარდგენილი იქნა ყველა ფინანსური დოკუმენტაცია. შეამოწმა იუსტიციის საბჭომ და აღნიშულის შემდეგ ყოველწლიურად ჩემი დოკუმენტაცია მოწმდება ანტიკორუფციულ ბიუროსთან ერთად მოქმედი საზოგადოებრივი საბჭოს მიერ, რომელშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
პრობლემა ის არის, რომ ჩვენთან არ არსებობს „ვეტინგის“ საფუძველი; და მეორე – საერთაშორისო ექსპერტები სადაც ჩაერთნენ და ვინც ჩაერთო, საუკეთესო შედეგები არ დადგა. მოგეხსენებათ, როგორი შედეგები დადგა იმ სახელმწიფოებში. ათი წელია, ალბანეთში მიმდინარეობს „ვეტინგის“ პროცედურა და თვითონ განმხორციელებელი პირები ვერ პროგნოზირებენ, როდის დასრულდება ეს პროცესი, ჩამოშლილია სისტემა. მოლდოვაში დღესაც მიმდინარეობს „ვეტინგი“. თუ გადაავლებთ თვალს შეფასებებს, სასამართლო კორპუსის თითქმის სრული უმრავლესობა არის წინააღმდეგი, რადგან წინასწარ არის გაწერილი გასაშვებთა, ჩამოსახრჩობთა, დასახვრეტთა სიები და ა.შ. მე, როგორც იუსტიციის საბჭოს წევრი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.
ნებისმიერ უცხოელ, ევროკვშირში მყოფი სახელმწიფოს მოსამართლეს, თუნდაც კანდიდატი ქვეყნის მოსამართლეს რომ ჰკითხოთ, „ვეტინგს“ უნდა დაექვემდებაროთ, ეს იქნება მისთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. დაუსვით იმ ადამიანებს შეკითხვა. მოქმედი, უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლისთვის თუ იქნება „ვეტინგი“ მისაღები, კი ბატონო.
არსებობენ უზენაეს სასამართლოში მოქმედი მოსამართლეები, რომლებიც ამბობენ, კი ბატონო, შეამოწმეთ ჩვენი კეთილსინდისიერება. მათ თვითონვე დაუსვეს კითხვის ნიშანი თავიანთ კეთილსინდისიერებას. მე არ ვსვამ და არც ვაპირებ, რომ ჩემი კეთილსინდისიერება ვინმემ ეჭვის დონეზე დააყენოს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განგიცხადოთ, ყველა ჩემი ფინანსური ანგარიში მოცემული არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ბოდიში, ჩემს მაცივარში ვერავის შევახედებ, ძალიან დიდი ბოდიში. ყოველწლიურად წარვადგენ ფინანსურ ანგარიშებს, წელსაც მომიწევს წარდგენა ანტიკორუფციულ ბიუროში. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ ვაპირებ, მერხზე დამჯდარმა ვუპასუხო იმ საერთაშორისო ექსპერტებს, რომელთა უკან გარკვეული მიზნები და ზრახვები არსებობს“, – განაცხადა ლევან თევზაძემ.
რაც შეეხება კითხვას, – „ვეტინგი“ იმიტომ ხომ არ გახდა საჭირო, რომ სამი მოსამართლე არის დასანქცირებული? – ლევან თევზაძე ამბობს, რომ ყოველვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანის დასანქცირება მისთვის მიუღებელია.
„ჩემთვის არ წარმოუდგენიათ ერთი მტკიცებულებაც კი, რომ ისინი რაიმე კორუფციაში არიან ჩართული. თუ იქნება წარმოდგენილი, შემდეგ სხვანაირ პასუხს გაგცემთ. ჩემი მოსაზრებით, ზუსტად იმ ნიკა გვარამიას საქმეზე, რომელი საქმეც ადიოდა მაშინ სააპელაციო სასამართლოში, ეს იყო დამაშინებელი, რათა ირიბად მოეხდინათ ზეწოლა აღნიშნული საქმის განმხილველ მოსამართლეზე“, – აღნიშნა ლევან თევზაძემ.