ლევან თარხნიშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არასდროს ყოფილა მთავარი არგუმენტი არც „ევროპული საქართველოს“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის
„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები არასდროს ყოფილა არც „ევროპული საქართველოს“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი არგუმენტი, როდესაც ისინი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.
„გამომდინარე იქედან, რომ „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლა არასდროს არ ყოფილა მთავარი არგუმენტი და არც ძირითადი არგუმენტი, არც „ევროპული საქართველოს“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის, გლობალურად ჩვენთვის არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ იმავე პოზიციაზე ვრჩებით
ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ანგარიშები იგივე „სამართლიანი არჩევნების“, იგივე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი დამკვირვებლების დაკვირვების შედეგები, აგრეთვე ის სტატისტიკა, რაც ჩანდა, დაკარგული ბიულეტენები, ცარიელი ბიულეტენები, ე.წ. კარუსელები, გადასწორებული ოქმები, და ასე შემდეგ. მთლიანად ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ვილაპარაკოთ არჩევნების გაყალბებაზე და იმაზე, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს რეალობას.
სწორედ ამის გამო გამოაცხადეს ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი, სწორედ ამის გამო თქვეს უარი მანდატებზე და აქედან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი მოთხოვნები არის უცვლელი, ეს არის ახალი არჩევნები, ეს არის ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია, თვისობრივად ახალი და არა პერსონალურად შეცვლილი. ეს არის ახალი საარჩევნო გარემო და ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება“, – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა 25 დეკემბერს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა ორი დღის წინ დატოვა.