ლევან თარხნიშვილი - „ევროპული საქართველო“ ახალ რეალობას უნდა მორგებოდა, საჭირო იყო გარკვეული ცვლილებები
„ევროპული საქართველო“ ახალ რეალობას უნდა მორგებოდა, მივიჩნევდით, რომ საჭირო იყო გარკვეული ცვლილებები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შემდეგ პარტიაში ყოველთვის მიმდინარეობს იმის გაანალიზება, რამ იმუშავა და რამ არა.
„ჩვეულებრივი ამბავია. არჩევნების შემდეგ ყოველთვის მიმდინარეობს იმის გაანალიზება, რამ იმუშავა და რამ არა. ეს არჩევნები უნიკალურად იყო იმ მხრივ, რომ მოხდა გაყალბება. მივიღეთ ახალი მდგომარეობა, როდესაც ოპოზიცია არ არის პარლამენტში, როდესაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრმა გადმოინაცვლა პარლამენტიდან და გარეთ. შესაბამისად, ახალ რეალობას უნდა მორგებოდა პარტია და ამიტომ, ჩვენ მივიჩნევდით, რომ საჭირო იყო გარკვეული ცვლილებები. დანარჩენს უახლოეს მომავალში გაიგებთ“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
ცნობისთვის, გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას, დავით ბაქრაძე კი, პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან განსხვავებით, პარტიული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, არასწორად მიაჩნია პარტიაში ლიდერების ნაწილის დარჩენა. მისი თქმით, პასუხისმგებლობისა და განახლების მთელი არსი არის ის, რომ გუნდი ერთიანად იღებს პასუხისმგებლობას. ამასთან, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ შედეგი იყო ძალიან ცუდი, ამიტომ იღებს პასუხისმგებლობას და გზას უთმობს ადამიანებს, რომლებიც ამას უკეთესად გააკეთებდნენ. უგულავას თქმით, აუცილებელია მისი, დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას გვერდზე გაწევა და აღნიშნა, რომ სხვა შემთხვევაში პარტიის განახლების შანსს ვერ ხედავს. გიგა ბოკერიას კი, განსხვავებული მოსაზრება აქვს. „არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს სწორი მომენტია ლიდერების ხელმძღვანელი პოზიციებიდან გასაწევად, პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს მაგალითები ლიდერების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას შანსი აღარ დაუტოვეს“.