გიგა ბოკერია - პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს მაგალითები ლიდერების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას შანსი აღარ დაუტოვეს
გიგა ბოკერია - პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს მაგალითები ლიდერების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას შანსი აღარ დაუტოვეს

არ ვიზიარებ, რომ სწორი მომენტია პარტიის ლიდერების ხელმძღვანელი პოზიციებიდან გასაწევად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორ ბოკერიამ აღნიშნა, ის ეთანხმება გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძეს იმაში, რომ პარტიის მიერ არჩევნებზე არასასურველი შედეგის მიღება სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს, თუმცა მმართველი პოზიციებიდან ლიდერების წასასვლელად შესაფერისი დრო არ არის.

„აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ და გიგიმ თქვეს, ჩვენ ძალიან ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მანიპულაციის მიუხედავად, მესამე ადგილზე გავედით, სერიოზული განსჯის საგანია და კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ეს დისკუსია. ამას მთლიანად ვიზიარებ. მე არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს სწორი მომენტია ლიდერების ხელმძღვანელი პოზიციებიდან გასაწევად. ეს ჩემი მოსაზრებაა.

ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს ლიდერების მაგალითები, რომლებიც ძალიან დიდ ხანს დარჩნენ და ამით დააზიანეს, მაგრამ გვაქვს იმ ლიდერების მაგალითებიც, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას შანსი აღარ დაუტოვეს, მათ შორის განახლების. ასე რომ, ორნაირი მაგალითები გვაქვს.

ვთვლი, რომ ჩვენი მათ შორის ლიდერების, პასუხისმგებლობის ნაწილი იმაში მდგომარეობს, რომ ეს პარტია იყოს სერიოზული კონკურენტი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლასა და ამ ქვეყნის დასავლურ, ევროპულ გზაზე დაბრუნებაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გიგი უგულავა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის თანამდებობას, დავით ბაქრაძე კი პარტიის თავმჯდომარეობას ტოვებს. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მას პარტიული თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება არ მიუღია.