ლევან თარხნიშვილი - არ ვაპირებთ, შევუერთდეთ მემორანდუმს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ერთ-ერთ რაუნდზე წარდგენილი დოკუმენტის გაუარესებული ვარიანტია
არ ვაპირებთ, შევუერთდეთ მემორანდუმს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ ერთ-ერთ რაუნდზე წარდგენილი დოკუმენტის გაუარესებული ვარიანტია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მიერ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი დოკუმენტი მმართველმა გუნდა მოლაპარაკებების ერთ-ერთ რაუნდზე უკვე წარადგინა, რაზეც ოპოზიციურმა პარტიებმა იქვე უარი განაცხადეს.
„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ნამდვილად არ ვაპირებთ, შევუერთდეთ ამ მემორანდუმს. ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ რაუნდზე წარადგინა და რომელზეც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ იქვე უარი განვაცხადეთ. ეს არის ამის გაუარესებული ვარიანტი.
კერძოდ, გაუარესება არის მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების მეთოდში, დამატებულია პრეზიდენტი, დამატებულია პარლამენტი, ისედაც ბუნდოვანი იყო და უფრო ბუნდოვანია, თუ რის შეცვლას აპირებენ საარჩევნო გარემოს ფორმირების წესებში. შესაბამისად, ნამდვილად არ ვაპირებთ ამ გაუარესებული დოკუმენტის შეერთებას, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკების ერთ-ერთ რაუნდზე უკეთეს ვერსიაზე უკვე ითქვა უარი.
ხაზგასასმელია, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა, რასაც მთლიანად ოპოზიცია აყენებდა პირველი ნოემბრიდან, არ არის გათვალისწინებული ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების საკითხი. ვინ შეუერთდება ამას, უცნობია. „ევროპული საქართველო“ და ის ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ორი დღის წინ გამოვაქვეყნეთ განცხადება და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ოთხი მოთხოვნა, ნამდვილად არ ვაპირებთ შეერთებას“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის გადაწყვეტილებაზე, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება იქ შებრძანებულ ორ ადამიანს, ისინი ჩემთვის არიან საინტერესო არც როგორც პოლიტიკოსები, არც როგორც პიროვნებები. ყველა ის ადამიანი, ვინც შევა და შევიდა პარლამენტში, ფაქტობრივად არის „ქართული ოცნების“ ფაქტიური წევრი“, – აღნიშნა თარხნიშვილმა.
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.