ლევან თარხნიშვილი - ალეკო ელისაშვილი იტყუება, და ნებსით თუ უნებლიეთ, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს
ლევან თარხნიშვილი - ალეკო ელისაშვილი იტყუება, და ნებსით თუ უნებლიეთ, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს

ბატონი ელისაშვილი იტყუება და ამ შემთხვევაშიც, ნებსით თუ უნებლიეთ, „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადება გიორგი რურუას საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ლევან თარხნიშვილმა აღნიშნა, ყველამ კარგად იცის, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა ციხეში.

„ეს არის აბსოლუტურად ბინძური თამაში და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვის გამო იმყოფება გიორგი რურუა, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები, ციხეში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურება. მე უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ კონკრეტულად გიორგი რურუას შემთხვევა გათვალისწინებული იყო ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში და სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად-ნახევრის წინ დაარღვია ეს შეთანხმება. ამის გადაბრალება ოპოზიციაზე არის უსინდისობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი უსინდისო განცხადება, რომელსაც ბატონი ელისაშვილი ავრცელებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ელისაშვილი ამ შემთხვევაშიც იტყუება და ნებსით თუ უნებლიეთ „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობს. ნებისმიერი ადამიანი და პიროვნება, ვინც შევა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად გაწევრიანდება „ქართულ ოცნებაში“ და არ იქნება არავითარი განსხვავება, რა დაერქმევა – „ევროპული სოციალისტები“, „გირჩის“ განაყოფი თუ „მოქალაქეები“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუა დღეს გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია.