ლევან რატიანი - საუნივერსიტეტო კლინიკას სამკურნალო საშუალებებისა და პირადი აღჭურვილობის ერთი თვის მარაგი აქვს, იმედია, ეს არ დაგვჭირდება, რადგან ინფიცირებულთა კლების ტენდენციაა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორ ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას სამკურნალო საშუალებებისა და პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ გააჩნია. როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის კლინიკას ერთი თვის მარაგი აქვს.
„ჩვენს კლინიკაში არც სამკურნალო საშუალებების, არც პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის. თუ ასეთი ტემპი გაგრძელდა, გვაქვს დაახლოებით ერთი თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების ტენდენციაა. აქედან გამომდინარე, დაავადებულებიც. ალბათ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ამასთან, ლევან რატიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანს მოუწევს, ვირუსთან ერთად თანაცხოვრება გართულებების გარეშე.
„ჩემი განწყობა ასეთია, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური, რაც ამ წუთში ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოშია. დადგება დრო, როდესაც ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს თანაცხოვრება. ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება გახდეს, მაგრამ არ გამომჟღავნდება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.