ლევან რატიანი - ორსულის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია.
რატიანი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე დღეში მან კლინიკა დატოვოს.
„ორსულ ქალბატონზე მინდა გიპასუხოთ, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად დადებითია, ბოლო 24 საათი ცხელება არ ჰქონია, ზედა საზღვრებისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა არ ვლინდება, ყოველდღიურად ხდება ნაყოფის მონიტორინგი. ნაყოფის მონიტორინგი შეესაბამება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე დღეში ეს პაციენტი გამოჯანმრთელებული დატოვებს კლინიკას“ ,- განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ახალშობილებს, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, რატიანი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია.
„რაც შეეხება ახალშობილებს, ახალშობილებთან ამ ეტაპზე არც ერთთან კოვიდინფიცირება არ დასტურდება, მათი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, აგრძელებენ მკურნალობას ახალშობილთა რეანიმაციაში“ ,- აღნიშნა რატიანმა.