ლევან რატიანი - მინისტრის ბრძანებით, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა
მინისტრის ბრძანებით, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა, – ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც რატიანმა განაცხადა, ყველა პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს.
„იცით, რომ სახელმწიფო პროტოკოლი არსებობს. ხვალ განმეორებით შეიკრიბება კლინიკური ჯგუფი და განახლდება პროტოკოლი, რათა რაც შეიძლება მობილური და მოქნილი იყოს ეს პროტოკოლი. განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, მიიღონ ეს დახმარება და იმ პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებათ ამბულატორიული დახმარება, მიიღონ ასეთი ტიპის დახმარებაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს.
ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდ კლინიკად, შემდეგ გადავკეთდით. მინისტრის ბრძანებით, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია, ახალშობილთა და ბავშვთა 18-საწოლიანი რეანიმაცია, სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ასე რომ, ჩვენი კლინიკა ერთვება კოვიდთან ბრძოლაში“,- განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, საქართველოში ყველა ექიმს, რომელიც ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში, გავლილი აქვს პროტოკოლი და აქედან გამომდინარე, ისინი ხელმძღვანელობენ იმ პროტოკოლით, რა პროტოკოლითაც წამყვანი ქვეყნები.
„ჩვენი ქვეყანა არ ჩამოუვარდება არც ერთ წამყვან ქვეყანას. ინფექცია ვრცელდება, არსებობს ტენდენცია მატების. ვისურვებ და გისურვებთ, რომ რაც შეიძლება მშვიდები ვიყოთ და გავართვათ თავი ყველა იმ გამოწვევას, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია.
რაც შეეხება ექიმების გადამზადებას, საქართველოში არსებულ ყველა ექიმს, რომელიც ჩართულია კოვიდ ინფექციასთან ბრძოლაში, გავლილი აქვს პროტოკოლი და აქედან გამომდინარე, ისინი ხელმძღვანელობენ იმ პროტოკოლით, რა პროტოკოლითაც წამყვანი ქვეყნები. ეს მცნება, რომ ქართველი ექიმები, რომლებიც არიან კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული არ არიან ინფორმირებულები, არის მცდარი, რადგან ყველა ექიმს მიღებული აქვს ინფორმაცია“,- განაცხადა ლევან რატიანმა.