ლევან რატიანი - მე, როგორც ექიმს, არ მაქვს პაციენტის იდენტიფიცირების უფლება, ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დამალული არ არის, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვემსახუროთ ქვეყანას, ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ მუშაობა
ლევან რატიანი - მე, როგორც ექიმს, არ მაქვს პაციენტის იდენტიფიცირების უფლება, ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დამალული არ არის, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვემსახუროთ ქვეყანას, ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ მუშაობა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი მედპერსონალის ინფიცირებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შესახებ ამბობს, რომ, მას, როგორც ექიმს, ეთიკიდან გამომდინარე, არანაირი უფლება არ აქვს, მედიასთან პაციენტის იდენტიფიცირება მოახდინოს და მისი დაავადების თაობაზე ისაუბროს.

„რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას კლინიკის სიტუაციასთან დაკავშირებით და მედპერსონალთა ინფიცირების შესახებ, მინდა, გითხრათ, რომ მე ამ წუთში გახლავართ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ მოწოდებით ვარ ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა ეს არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული, თუ არაინფიცირებული, მას უფლება აქვს, ილაპარაკოს მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე, როგორც ექიმს, არანაირი უფლება არ გამაჩნია, პაციენტის იდენტიფიკაციაზე და მის კომპეტენციაზე ვისაუბრო.

თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს კონტაქტზე გასვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან , ნებისმიერ საინფორმაციო წყაროსთან, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ნუ მომთხოვთ პასუხს იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ინფიცირებული, მათი იდენტიფიცირება მოვახდინო“, – განაცხადა რატიანმა და დასძინა, რომ ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დამალული არ არის.

„ყველა შემთხვევა კლინიკურ-ლაბორატორიული, რომელიც ტარდება „კოვიდ-19“-ის შესახებ, იტვირთება რამდენიმე პორტალზე, სადაც მითითებულია და იდენტიფიცირებულია ნებისმიერი პაციენტი. ანუ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ვიხსნი პასუხისმგებლობას, როგორც მკურნალი ექიმი, და ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა გადადის ჩემზე მაღლა მდგომ ინსტანციებზე“,- აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, რატიანმა ისაუბრა მედპერსონალის პირადი დაცვის საშუალებებზე და განაცხადა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედპერსონალი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს აბსოლუტურად ითვალისწინებს, თუმცა ინფიცირებისგან არავინაა დაზღვეული.

„რაც შეეხება პირად აღჭურვას, მინდა, გითხრათ, რომ ჩემი მედპერსონალი, განსაკუთრებით ჩემს კლინიკაში ემორჩილება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს აღჭურვილი და რა ეტაპზე რა უნდა განვახორციელოთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვირუსისგან, რომელსაც ამ და ნებისმიერ კლინიკაში ებრძვიან ექიმები და მედპერსონალი, არც ერთი არ ვართ დაზღვეული, არც მე მათ შორის, რომ არ დავინფიცირდებით, რომ არ დავმძიმდებით, არ გადავალთ რეანიმაციაში და რომ არ დამთავრდება ჩვენი სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით. ამ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ ვემსახუროთ ქვეყანას. ძალიან გთხოვთ, ნებისმიერ მათგანს გვაცადეთ მუშაობა, ჩვენ თქვენ გემსახურებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.