ლევან რატიანი - მარნეულიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია
ლევან რატიანი - მარნეულიდან გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

მარნეულის საავადმყოფოდან თბილისში გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა მარი მალაზონიას გადაცემაში „პირადი ექიმი“ ჩართვისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ერთი საათის უკან შემოგვიყვანეს პაციენტი, საქართველოს მოქალაქე მარნეულის საავადმყოფოდან. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ეპიდანამნეზი ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია, მაგრამ როგორც ჩანს, პაციენტი შევიდა 18 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ორმხრივი მწვავე პნევმონიის დიაგნოზით, დინამიკაში განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. დადასტურდა, რომ არის „კოვიდით“ ინფიცირებული. შემოყვანისას იყო ჟანგბადის მკვეთრი დეფიციტი, რომელიც ამ ეტაპამდე გრძელდება ჰემოდინამიკის რღვევით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ლევან რატიანმა ასევე დააკონკრეტა, რომ 67 წლის ქალს სხვა თანმდევი დაავადებები აქვს.

„ჩვენი კლინიკა გახლავთ საუნივერსიტეტო კლინიკა, ყველაზე მძლავრი კლინიკა რეანიმაციული განყოფილებით. ამიტომაც მოხდა პაციენტის გადმოყვანა ჩვენს კლინიკაში, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. დაგვიანებული შემთხვევაა, ანამნეზი ასეთია – 2007 წლიდან არის შაქრიანი დიაბეტი, არის არტერიული ჰიპერტენზია, პაციენტს ჩატარებული აქვს ბოლო ათი წლის განმავლობაში გულსისხლძარღვთა სისტემაზე პათოლოგიის გამო შუნტირების ოპერაცია. როგორც ფორმა ასიდან დამატებითი ანამნეზით ირკვევა, პაციენტს დაახლოებით ორი კვირის წინ აღენიშნებოდა სუნთქვის გაძნელება, ცხელება, ამის გამო დაგვიანებით მიმართა კლინიკას 18-ში, სადაც დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, დინამიკაში სუნთქვის უკმარისობა პროგრესირდა, ამიტომ გადაიყვანეს მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპისთვის, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. მისი სიმძიმე განპირობებულია ორმხრივი მწვავე პნევმონიის შედეგად განვითარებული მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით, კლინიკურად სახეზეა სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა, აღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა, გითხრათ, რომ ყველაფერი უტარდება, მაგრამ, სავარაუდოდ, დასრულდება ძალიან ცუდად. მისი კრიტიკულ მდგომარეობამდე მიყვანა განპირობებულია დაგვიანებული შემთხვევით“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.