ლევან რატიანი - კორონავირუსზე 24 პაციენტის ტესტების პასუხებს ველოდებით
62 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის მარნეულიდან, დინამიკის ცვლილების გარეშეა, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ მის სიცოცხლეს, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში ექვსი ინფიცირებული პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა სტაბილურია.
„გვყავს ექვსი ინფიცირებული პაციენტი. აქედან ერთის მდგომარეობაა არის კრიტიკული, ხუთის მდგომარეობა სტაბილურია. 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც არის მარნეულიდან, დინამიკის ცვლილების გარეშეა, ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს, ოქსიგენაციის პარამეტრები მეტნაკლებად გაუმჯობესებული არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტთან გვაქვს დადებითი დინამიკა მიღწეული. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე ვინარჩუნებთ მის სიცოცხლეს. 18 წლის გოგოს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. კომპიუტერული ტომოგრაფიით პნევმონია არ დასტურდება. გაგზავნილი გვაქვს ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით მის პასუხებს. 24 ტესტი გვაქვს გაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში ველოდებით ამ პასუხებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.