ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა
ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებულ  57 პაციენტი იმყოფება.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, რეანიმაციაში არის რვა პაციენტი, სამი კი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი ხუთი – სპონტანურ სუნთქვაზე.

„ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენ ორ პაციენტთან მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტს, კლინიკურად სახეზეა ფილტვისა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი. ასევე, თირკმლის, ღვიძლის დაზიანება, რაც მიუთითებს, რომ არის მულტიორგანული უკმარისობა. ტარდება რეამინაციული ღონისძიებები. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. მძმეა  კორონავირუსით ინფიცირებული 81 წლის ქალის მდგომარეობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ორსულებს, ლევან რატიანი აცხადებს, რომ მათი და ნაყოფების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„ერთ მათგანთან გუშინ გავიდა 14 დღე და ვირუსზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. დღეს ანალიზი განმეორებით გაიგზავნება და, თუ დღის ბოლომდე მოვა უარყოფითი პასუხი, ის გაეწერება ბინაზე“, – განაცხადა რატიანმა.