ლევან რატიანი - იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს და ყველანი გადავრჩებით
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს და რა მეთოდოლოგიით ვმართავთ, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, რადგან ჯერჯერობით ვირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური და არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები არ არსებობს.
ამასთან, ლევან რატიანს იმედი აქვს, მალე საქართველო კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა გადარჩება.
„საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს და რა მეთოდოლოგიით ვმართავთ. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული შენიშვნები, ეს შენიშვნები შეიძლება იყოს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებთან დაკავშირებული. მათთან ერთად ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება ახალი პროტოკოლი მიღებული, ვთქვათ, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან ერთად, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან.
რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება. ამ ეტაპზე, ეს არც ჩვენთან მოხდება, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, სამწუხაროდ, არ არსებობს კორონასთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები. მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს სიმპტომური თერაპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს, ყველანი ერთად გადავრჩებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ასევე, რატიანის თქმით, პაციენტების 80 პროცენტი შესაძლოა, უსიმპტომოდ ატარებდეს ინფექციას. რატიანი ამბობს, რომ ასეთი პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან.
„ვიდრე არ იყო დაავადების გავრცელება ასეთი მასშტაბური, ყველა მათგანი ეს იყო მცირე სიმპტომიანი, საშუალო, მძიმე თუ კროტიკული, ერთნაირად ხორციელდებოდა მათი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში პროგრესულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი, ექიმის მეთვალყურეობით, შინ მკურნალობას გააგრძელებს. მუდმივად ვაცხადებდი, რომ კორონავირუსთან ბრძოლა, რასაც ახორციელებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამის პანელი არ შეცვლილა. პაციენტების 80 პროცენტი შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი და არ ჰქონდეთ არანაირი სიმპტომი გამოვლენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ასეთი პაციენტები (ვინაიდან ჭარბი ინფიცირებულთა რაოდნეობაა) ვერ მოხვდებიან კლინიკაში, ისინი იქნებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ 20 პროცენტს, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და კლინიკური ჯგუფის წევრები საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. მათ ქართველ კოლეგებს ქვეყანაში „კოვიდ-19“ ის მართვის შესახებ დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მოისმინეს.