ლევან რატიანი - იმედი გვაქვს, დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, შესაძლოა, დღეს კლინიკა 16-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.
როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში 112 პაციენტია, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაშია რვა, დამატებით არც ერთი შემთხვევა არ დამძიმებულა, სამის მდგომარეობა მძიმეა. ხუთის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურად რჩება დადებითი დინამიკით.
„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. 44 პაციენტი გყავს ინფიცირებული მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ შვიდი ახალი პაციენტი, რომლებთანაც ამ ეტაპამდე არ დასტურდება არანაირი გართულება. რაც შეეხება გაგზავნილი პასუხებიდან, ყველა მივიღეთ უარყოფითი. ამ ეტაპზე უკვე მიდის ხუთი პაციენტი ვირუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. იმედი გვაქვს, რომ 11-ვე იქნება უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.