ლევან რატიანი - გვიჭირავს პულსი თანამედროვე მედიცინაზე, მივყვებით იმ პროტოკოლს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს
ლევან რატიანი - გვიჭირავს პულსი თანამედროვე მედიცინაზე, მივყვებით იმ პროტოკოლს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მან სამყარო შეცვალა.

მისივე თქმით, საქართველო მიყვება თანამედროვე მედიცინას და მკურნალობის იმ პროტოკოლს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს.

„დეკემბრიდან, კოვიდ ინფექცირებამ და მისმა შედეგებმა სამყარო ამოაყირავა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, არის გლობალური, დინამიური და აქტუალური პრობლემა. აქედან გამომდინარე, არც ჩვენი ქვეყანა და ჩვენი კლინიკა არ გამოირჩევა ამ პრობლემიდან. გვიჭირავს პულსი თანამედროვე მედიცინაზე, მივყვებით იმ პროტოკოლს, რასაც აღიარებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და მსოფლიო“,- განაცხადა რატიანმა.

მან ასევე ისაუბრა მედიკამენტ პლაქვენილთან დაკავშირებითაც, თუ როდის ხდება პაციენტებთან მისი დანიშვნა.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დევს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის მიერ. მისი ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ, სადაც დაწვრილებით წერია, ვის უნდა დაენიშნოს პლაქველინი და ვის – არა. ასევე, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს.

ჩვენი კლინიკა არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, რომელიც იყო მულტიპროფილური. მთავრობის დადგენილებით კარგად იცით, რომ გადაკეთდა კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთ კლინიკად, ყველაზე მძლავრია, არავის არ ეწყინება, რადგან აქ არიან გაერთიანებული ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე სიტყვას ამბობენ მედიცინაში. ეს დღეს და გუშინაც ასე იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც კარგად ვიცით, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს“, – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება „რემდესივირ თერაპიას“, რატიანის განმარტებით, როცა ქვეყანაში ამის აუცილებლობა და საშუალება იქნება, აუცილებლად დაიწყებენ.

„ოღონდ, ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი და ამ კლინიკის გადაწყვეტილება. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ ვართ საუნივერსიტეტო კლინიკა, რამდენიმე კონტაქტი გვაქვს მსოფლიოს წამყვან მეცნიერთან. მათთან შეთანხმებით გადავწყვეტთ და მულტიდისციპლინურად დავნიშნავთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.