ლევან რატიანი - ჩვენთან მყოფი პირველი კოვიდინფიცირებული უმძიმესი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, იმედია, ხვალ კლინიკას დატოვებს
ლევან რატიანი - ჩვენთან მყოფი პირველი კოვიდინფიცირებული უმძიმესი პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, იმედია, ხვალ კლინიკას დატოვებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომლის მდგომარეობაც უმძიმესი იყო, შესაძლოა, საავადმყოფო ხვალ დატოვოს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, პირველი კვლევით მასთან კოვიდინფექცია აღარ ვლინდება, განმეორებით ტესტს კი, 24 საათში ჩაუტარებენ.

„პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი, სომატურად დამძიმებული, ეს ყველაზე მძიმე პაციენტი იყო ჩვენს კლინიკაში, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, პირველადი ჩატარებული ტესტით, „პისიარ“ მეთოდით კოვვირუსით ინფიცირება არ ვლინდება. 24 საათში გავიმეორებთ და იმედია, ხვალ ეს ქალბატონი დატოვებს კლინიკას. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ კოვიდი არ არის მკვლელი, შემიძლია, ამ ქალბატონის მაგალითზე გითხრათ“, – განაცხადა რატიანმა.

კლინიკის ხელმძღვანელმა განმარტა, კოვიდინფიცირების გარდა, რა გართულებებით იმყოფებოდა საავადმყოფოში აღნიშნული პაციენტი.

„ქალბატონი იყო უმძიმესი, მწვავე რესპირატორული სინდრომით, მორბიდული სიმსუქნით, გულის უკმარისობით, არტერიული ჰიპერტენიით, ჭარბი წონით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული. სომატური პათოლოგიების გარდა, არანაირი გართულება არ ვლინდება. ხვალ მივიღებთ საბოლოო პასუხს და ხვალ გაეწერება პროტოკოლის დაცვით, თვითიზოლაციის პირობებში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

საუბარია ბელგიიდან ჩამოსულ მოქალაქეზე, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და მკურნალობის კურსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.