ლევან რატიანი - ახალშობილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ველოდებით პასუხებს, დედასთან დაკავშირებით კი, როგორც ვიცი, კორონავირუსით ინფიცირება ჯერ დადასტურებული არ არის
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ მარნეულიდან გადაყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.
მისივე თქმით, ნაცხი უკვე აღებულია და კორონავირუსზე პასუხს ელოდებიან.
რაც შეეხება ახალშობილის დედას, რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსის ინფექცია მასთან ჯერ დადასტურებული არ არის.
„რაც შეეხება ახალშობილს, გუშინ შემოვიდა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩვენს კლინიკაში,. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. პარამეტრები სტაბილურია, ოფსიგინაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას, ვინაიდან დაავადების გართულება შესაძლებელია მანიფისტირდეს ნებისმიერ წუთს. რაც შეეხება დედას, როგორც ჩემთვის ცნობილია, მისი ინფიცირება ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. ახალშობილს რაც შეეხება, ნაცხი გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ველოდებით პასუხებს“ ,- აღნიშნა ლევან რატიანმა.
კითხვაზე, არის თუ არა ახალშობილი მარნეულიდან გადმოყვანილი 62 წლის ქალის ოჯახის წევრი, რატიანმა უპასუხა, რომ მისი ინფორმაციით, მათ შორის ნათესაური კავშირი არ დასტურდება.
„როგორც ვიცი, მათ შორის ნათესაური კავშირი არ დასტურდება. შემიძლია მხოლოდ გითხრათ, რომ ახალშობილი იმყოფება მარნეულის რეგიონიდან“ ,- დასძინა რატიანმა.